თვითმფრინავის ჩამოგდება

რუსეთი: ობამას ადმინისტრაცია პასუხისმგებელია უკრაინაში გაღვივებულ კონფლიქტზე

twitter.com/euromaidan

ვაშინგტონი ანტირუსული პროპაგანდით სოციალურ ქსელს ანაგვიანებს, იმ დროს როდესაც მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი რამენაირად კავშირშია მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან, არ გააჩნია, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

განცხადებაში ეჭვია გამოთქმული, რომ გარდა ვაშინგტონისა, ანტირუსულ კამპანიაში კიევიც ჩართულია. 

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა 25 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთსა და პუტინს ტრაგედიაში ბრალი პირდაპირ დასდო

როგორც მიღებულია ვაშინგტონში, მათ საკუთარი განცხადების მხარდასაჭერი მყარი ფაქტები არ გააჩნიათ. თეთრ სახლში მხოლოდ გაკვრით ახსენებენ სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომლის წარმოდგენაც არ შეუძლიათ, - ამტკიცებს რუსული მხარე და ამ ყველაფერს "ვაშინგტონის რეჟიმის" ანტირუსულ კამპანიას მიაწერს. 

რუსულ მხარეს მიაჩნია, რომ ვაშინგტონი მხოლოდ იმას იჯერებს, რაც თავად მიაჩნია სწორად. სანამ დამნაშავეების გამოვლენას შეუდგებოდნენ, კარგი იქნებოდა ეპასუხათ იმ 38 კითხვაზე, რომელიც მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსავიაციამ დაუსვა. ჩვენთვის გაუგებარია რატომ დუმს ვაშინგტონი. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მათ პასუხები არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი პასუხი არის "სანქცია", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ ამ ბრალდებებს რუსეთი "გადაიტანს", თუმცა საწყენია, რომ გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა, აშშ კიევს უბიძგებს რუსულენოვანი მოსახლეობის ძალისმიერი დაჩაგვრისკენ. 

ობამას ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე შიდა კონფლიქტის გაღვივებასა და მის მძიმე შედეგებზე, - ნათქვამია წერილის დასკვნით ნაწილში. 

კომენტარები