საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ბოკერია: საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას თავი არ უნდა დაავიწყოს

უკრანაში მიმდინარეობს ბრძოლა რეგიონის თავისუფლებისათვის და პუტინის წინააღმდეგ. თუ პუტინი არ დამარცხდება, საფრთხეები საქართველოსთვისაც გაიზრდება, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია. 

ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში ხელისუფლების პოზიცია, არ გააკრიტიკონ პუტინი, რის შედეგადაც, მათი რწმენით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ დადებითად შეიცვლება, გულუბრყვილობად შეაფასა. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზა აირჩია და უკრაინასაც მოუწოდა ამ მაგალითისთვის მიებაძა. ბოკერიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღარიბაშვილი რუსეთს პრობლემად არ წარმოაჩენს და ისაუბრა საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ მყარი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე. "ჩვენ უნდა მკაფიოდ ვიყოთ დაფიქსირებული თავისუფალი სამყაროს მხარეს", - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა. 

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პოლიტიკურად და ეკონომიკურად საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და დროა, საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ვიზიტით ეწვიოს. 

ეს არის ბრძოლა ჩვენი [ქართველების], უკრაინელების და მოლდოველების და, ზოგადად, ამ სივრცის თავისუფლებისათვის, - აღნიშნა ბოკერიამ. 

საქართველომ თავი არ უნდა დაავიწყოს საერთაშორისო საზოგადოებას და არ უნდა ჩამოაყალიბოს შეხედულება, რომ რუსეთთან პრობლემები აღარ არსებობს. უკრაინის ტრაგედიის ფონზე არ უნდა დავიკარგოთ და უნდა ვეცადოთ, ისევ დავაყენოთ ჩვენი პრობლემები დღის წესრიგში, იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, NATO-სა თუ ევროკავშირში ინტეგრაცია, - მიაჩნია ბოკერიას.

კომენტარები