ენერგეტიკა

რუსეთს ЮКОС-ის აქციონერთა სასარგებლოდ $50 მილიარდის გადახდა დაეკისრა

0 კომენტარი
ЮКОС-ის მოსკოვის ოფისი ფოტო: მაქსიმ მარმური / AFP | Getty Images

ნავთობკომპანია ЮКОС-ის აქციონერებმა რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საქმე მოიგეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალურ მოსკოვს აქციონერთა სასარგებლოდ $50 მილიარდის გადახდა დაეკისრება. რუსულმა მხარემ კომპენსაციის გადახდა 2015 წლის იანვარში უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადაგადაცილებისათვის ჯარიმის სახით პროცენტი დაერიცხება.

ჰააგის ტრიბუნალმა რუსეთის მიერ ნავთობკომპანიის დაშლა, ნაციონალიზაცია და ქონების დიდი ნაწილის Rosneft-ისთვის გადაცემა 1991 წელს მიღებული ენერგეტიკის საერთაშორისო ქარტიის დარღვევად ცნო. ნავთობკომპანიის აქციონერებმა რუსეთისგან თავდაპირველად $100 მილიარდი მოითხოვეს, განაჩენის გამოტანას კი თითქმის 10 წელი დასჭირდა. 

სასამართლოში გამარჯვების შედეგად მიღებულ თანხას აქციონერები გადაინაწილებენ. საქმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი ლეონიდ ნევზლინია. ნევზლინი ხოდორკოვსკის ყოფილი პარტნიორია, რომელმაც თავი ისრაელს შეაფარა, რათა დაპატიმრებისათვის თავი აერიდებინა. მას აქციების 70% ეკუთვნის. ნევზლინის გარდა, სარგებელს ბიზნესმენები პლატონ ლებედევი, მიხაილ ბრუდნო, ვლადიმირ დუბოვი და ვასილი შაკნოვსკი ნახავენ. 

გაზეთ კომერსანტის ცნობით, მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან განაჩენის გასაჩივრება. 

შეგახსენებთ, რომ ЮКОС-ის ერთ-ერთი აქციონერი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს, ЮКОС-ის ქონების დიდი ნაწილი Rosneft-ს გადაეცა, რომლის ხელმძღვანელიც, იგორ სეჩინი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები