საკანონმდებლო ცვლილება

საკუთარი ინიციატივით დაზარალებული: იმპორტის დაბეგვრის შესახებ

მარიკა ომანიძე
0 კომენტარი

გოგი თოფაძისა და ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების ინიციატივით 17 ივნისს ძალაში ახალი კანონპროექტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, იმპორტირებულ საქონეზე დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათიანი გადახდის პირობები გაუქმდა.

რას ნიშნავს ეს კანონი: ადრე, ბიზნესმენს  ეძლეოდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადავადების საშუალება. ანუ, თუ ხდებოდა საქონლის იმპორტი საქართველოში, დამატებითი 18%-ის (დღგ განაკვეთი) გადახდა ბიზნესს შეეძლო გადაევადებინა რამდენიმე თვით. შედეგად, გამოთავისუფლებული ფული საშუალებას აძლევდა ბიზნესს განვითარებულიყო და დამატებითი ინვესტიციები გაეკეთებინა.

გოგი თოფაძის აზრით, არსებული შეღავათები იმპორტიორსა და ადგილობრივ მეწარმეს არათანაბარ პირობებში აყენებდა.

იმ შემთხვევაში, თუ ქარხანა შეიძენს თამბაქოს თურქეთში ან ბულგარეთში, მას შეუძლია რამდენიმე თვის დაგვიანებით გადაიხადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი, როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეულის შეძენის შემთხვევაში, ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მყისიერად უწევს. რეალურად, სახელმწიფო იმპორტიორს აძლევს მოკლევადიან უპროცენტო სესხს, - თქვა თოფაძემ ტაბულასთან საუბარში.

თოფაძისგან განსხვავებული აზრი აქვს „ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელ კახა ბენდუქიძეს. მან ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცვლილებამდელი პერიოდის შინაარსი არ იყო მსხვილი იმპორტიორების წახალისება, არამედ საფრთხილო ზომების მიღება.

თუ კომპანია არის მსხვილი იმპორტიორი, ის არ არის საქონლის ერთჯერადად შემომტანი, შესაბამისად, ნაკლებია რისკი იმისა, რომ გადასახადს არ გადაიხდის. ერთჯერადი იმპორტიორებისგან საფრთხე კი მდგომარეობს იმაში, რომ მან შესაძლოა შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე საქონელი და შემდეგ გაქრეს. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების გამო, მსგავსი ტიპის შემომტანები, საბაჟო გადასახადს და დღგ-ს იხდიან საზღვარზე.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძეც იმავე მიზეზს ასახელებს მცირე იმპორტიორებისათვის შეღავათების არდაწესების მიზეზად, თუმცა მიაჩნია, რომ იმპორტის გადასახადზე შეღავათის გაუქმება სწორედ ის არის, რაც ყველა მეწარმეს თანაბარ პირობაში ჩააყენებს.

თუ ხარ სერიოზული კომპანია, ქვეყანაში საქონელი შემოგაქვს რამდენიმე წელია, გაქვს წლიური ბრუნვა 200 000 ლარზე მეტი, მარტივია, რომ ერთი-ერთი გადასახადისგან დამალვის მიზნით არსად გაქრები. ამიტომ უნდა გქონდეს საშუალება, შემოიტანო ქვეყანაში საქონელი, დაასაწყობო, გაყიდო და მიღებული ფულიდან გადაიხადო იმპორტის გადასახადი და დღგ. ეს ბიზნესისთვის შეღავათია, რადგან არ უწევს ფულის სესხება ბანკიდან ან საკუთარი ფულის - საბრუნავი საშუალებების, დაკავება, რათა დაუყვნებლივ გადაიხადოს გადასახადი, - განმარტავს ბენდუქიძე.

„როცა შენ შემოგაქვს საქონლის დიდი პარტია, შენი პროგნოზირებადი გაყიდვები გადანაწილებულია მთელ წელზე. ახალი კანონპროექტის პირობებში, ფაქტობრივად ერთი წლის გადასახადს იხდი ერთჯერადად, წინასწარ, წლის დასაწყისში. დიდი და მცირე კომპანიები, ცხადია, სხვადასხვა მდგომარეობაში არიან. თუმცა ფაქტია, სიახლემდე არსებული მდგომარეობა არ არის შეღავათი. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან და სარგებლობენ მსგავსი შეთავაზებით იმპორტიორები სინგაპურში და ახალ ზელანდიაში. პატარა კომპანიებს კი მდგომარეობა ნამდვილად ვერ გამოუსწორდებათ დიდი კომპანიების ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებით“.

ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა წავიდა არასწორი გზით და, პირიქით, დიდი კომპანიები ჩააყენა ცუდ მდგომარეობაში. გამოთანაბრების ორი გზა არსებობს, ან ყველა ჩავაყენოთ უარეს მდგომარეობაში, ან ყველა მივიყვანოთ უკეთეს მდგომარეობამდე. მთავრობა უნდა ეცადოს უკეთესობისკენ სვლას. თუ მთავრობას უნდა ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენოს სხვადასხვა ზომის კომპანიები, მაშინ მცირე იმპორტიორებს უნდა გაუჩნდეთ საშუალება, საბანკო გარანტიის მოტანის შემდეგ გადაუვადდეთ გადასახადი.

მსგავსი პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ ჯაფარიძესა და საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესა და ბიზნესმენს, ფადი ასლის. ბიზნესსაზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტი ძალაში უკვე შევიდა.

საინტერესო კი ერთი ფაქტია. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გოგი თოფაძე საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის მფლობელია. კომპანია ყაზბეგი საწარმოო ნედლეულის მსხვილი იმპორტიორია და დაზარალებულ კომპანიებს შორისაც აუცილებლად აღმოჩნდება.  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები