გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: ჯოზეფ კეის სანდოობა და კეთილსინდისიერება ეჭვქვეშაა

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია რიყის გასხვისებისა და ტელეკომპანია იმედის მითვისების საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეს, ჯოზეფ კეის უნდობლობას უცხადებს. ბასილაია ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყნის სასამართლოს დასკვნა არსებობს იმის შესახებ, რომ იმედის ყოფილ მფლობელს დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებების მიცემა არ შეუძლია და მისი სანდოობა და კეთილსინდისიერება ეჭვს იწვევს.

"ჯოზეფ კეისთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილება, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფლორიდის სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებებში წერია, რომ ეს არის მოწმე, რომელსაც არ შეუძლია დამაჯერებელი პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომლებზეც წესითა და რიგით უნდა ჰქონდეს პასუხები; ეს არის მოწმე, რომელიც არ წარმოადგენს სიმართლის მთქმელ მოწმეს; ეს არის მოწმე, რომელიც არ იძლევა სასამართლოსთვის სარწმუნო განმარტებებს. ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვადასხვა საქმეებზე. მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან არსებულ დავებთან დაკავშირებით, რომელშიც ჯოზეფ კეი იყო ჩაბმული ერთ-ერთ მხარედ. აღნიშნული გადაწყვეტილებები დადასტურდა ქართულ სასამართლოშიც, როდესაც ჯოზეფ კეიმ მისცა ჩვენება. ჯოზეფ კეიმ ვერ ახსნა, თუ საიდან ჰქონდა ამ ადამიანს 11 მილიონი დოლარი, რომელსაც 11 თვის მანძილზე აძლევდა სხვადასხვა პირებს ტელეიმედის დასაფინანსებლად. ანუ წარმოიდგინეთ ქართულ რეალობაში, ადამიანი, ბიზნესმენი გასცემს 11 მილიონ დოლარს, მაგრამ ვერ ასახელებს კონკრეტულად იმას, ეს 11 მილიონი დოლარი, რომელი საწარმოსგან მიიღო, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით მიიღო თუ საზღვარზე ნაღდი ფულის სახით შემოიტანა.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ კეი ჩვენების მიცემის დროს ხშირად ახსენებდა, თითქოს მას უგულავა უგზავნიდა საბუთებს. თითქოს დავით კეზერაშვილისგან გაგზავნილი ადამიანი მიდიოდა მისგან თანხის წასაღებად და ა.შ. ჩვენ ვკითხეთ - თუ შეგიძლიათ, 1 ადამიანი მაინც დაასახელოთ, ვისაც უგულავას დავალებით დოკუმენტები მოუტანია, ასეთი მან ვერ დაასახელა. ჩვენ ვკითხეთ - 1 ადამიანი მაინც თუ შეგიძლიათ, დაასახელოთ, რომელსაც იმ 11 მილიონიდან თუნდაც 10 000 დოლარი გაატანეთ, ასეთი მან ვერ დაასახელა. აქედან გამომდინარე, მისი სანდოობა და კეთილსინდისიერება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, მან თარიღებშიც იცრუა, ის ამბობდა, რომ თითქოს 15-16 დეკემბერს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია დავით კეზერაშვილს და შუაღამისას მივიდა ოფისში და ა.შ. მაგრამ სატელეფონო ამონაწერების დათვალიერებით, რაც მისთვისაც იქნა წარდგენილი, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ თარიღებში კეზერაშვილს მისთვის არ დაურეკავს. ეს ხომ მაინც უტყუარი მტკიცებულებაა", - თქვა ბასილაიამ.

ბასილაიამ დავით კეზერაშვილის შესახებაც ისაუბრა. ადვოკატის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული, რაც საგამოძიებო უწყების მხრიდან ალოგიკური ნაბიჯია მაშინ, როდესაც საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

"ხაზი უნდა გაესვას, რომ საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის დროს, მიუთითა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს საქართველოში და ამიტომ უთხრა მომთხოვნ ქართულ მხარეს უარი ექსტრადირებაზე. დღეს უკვე ალოგიკურია მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში, რადგან არსებობს დოკუმენტი, რომ კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია. ამიტომ მისი დაბარება მიტყუებას უფრო ჰგავს", - თქვა ბასილაიამ.

კომენტარები