გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: ისმის კითხვა - ბრალდებულთა სიაში რატომ არ არის ჯოზეფ კეი?

გიგი უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ არსებობს 2 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ტელეკომპანია იმედის თემას ეხება. მისი განმარტებით, ორივე საქმეში გამოძიებისა და ბრალდების მიერ გაკეთებული დასკვნები აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. 

”გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ არსებობს 2 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ტელეკომპანია იმედის თემას. ორივე საქმეში გამოძიებისა და ბრალდების მიერ გაკეთებული დასკვნები აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. აქაც ჩნდება ჯოზეფ კეის ფაქტორი. დღევანდელი გაკეთებული განცხადებით, ჯოზეფ კეიზე უკანონოდ გადაფორმდა ტელეკომპანია იმედი, მაშინ, როდესაც რამოდენიმე დღის წინ, როცა ჯოზეფ კეი ბრალდების მხარემ წარმოადგინა, როგორც ბრალდების მოწმე და ბრალდება თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ის იყო კანონიერი მესაკუთრე, რომლისგანაც უკანონოდ მოხდა ტელეკომპანია იმედის გადაფორმება სხვადასხვა კომპანიებზე. აქ ისმის ერთი კითხვა - თუკი 2008 წლის გაზაფხულზე მოხდა ტელეკომპანიის უკანონოდ გადაფორმება, ბრალდებულთა სიაში რატომ არ ფიგურირებს ჯოზეფ კეის სახელი და გვარი”, - აღნიშნავს უგლავა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

 

 

კომენტარები