მიხეილ სააკაშვილის საქმე

კანდელაკი: სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა დაემთხვა მის საქმიანობას უკრაინაში

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, "ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს საკმაოდ ნაჩქარევი ბრალის წარდგენა დაემთხვა მის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობას უკრაინაში". კანდელაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ აკეთებს მთავრობის გასაკეთებელ საქმეს, რადგან დღეს უკრაინაში საქართველოს მომავალი წყდება.

"ეს ბრალის წარდგენა შედის არა საქართველოს და მისი ევროპული მომავლის, არამედ პუტინის ინტერესებში. მე ვფიქრობ, ეს ნეგატიურად აისახება, სამწუხაროდ, საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობებზე და ყოველგვარი ოპტიმიზმი, რომელიც შემორჩენილი ჰქონდათ გადაწყვეტილებების მიმღებთ დასავლეთში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დასრულდება", - განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, "ბრალის წარდგენა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამაარსებლისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, განპირობებულია ნაციონალური მოძრაობის წარმატებით ადგილობრივ არჩევნებში და მისი პოზიციების გამყარებით, როგორც ერთადერთი ალტერნატივის, ივანიშვილის რეჟიმის".

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

 

კომენტარები