მიხეილ სააკაშვილის საქმე

წულუკიანი: სააკაშვილისთვის მთავრობაში არავის სცალია პროკურატურის გარდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც წულუკიანი საკუთარ ბლოგზე წერს, " არცერთი თანამდებობა არ ნიშნავს იმუნიტეტს −  ეს ასეა ყველა სამართლებრივ, კულტურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში".

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "იმ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია, ეჭვი მაშინათვე არ ეპარებოდათ, თუ ვინ გასცა უიარაღო მომიტინგეებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ბრძანება. თუმცა, პროკურატურამ, არაერთი თვის დაკვირვებული მუშაობის შედეგად, მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება". წულუკიანის თქმით, გამოძიება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და "თავის ლოგიკურ დასასრულამდეც, იმედია, მივა".

იუსტიციის მინისტრის განცხადებითვე, "მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია, და არ უნდა ეცალოს, პროკურატურის გარდა. პროკურატურას აქვს ვალდებულება,  კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება, მას გამოძიების მშვიდ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ. საბოლოოდ კი სასამართლო გადაწყვეტს, ვისი არგუმენტია უფრო წონადი. სასამართლო ამ მთავრობის პირობებში არის დამოუკიდებელი, რადგან მასზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბოლო 18 თვის განმავლობაში არაერთი კანონი შემუშავდა. ვიმედოვნებ, ამგვარად გათავისუფლებული სასამართლო მიუკერძოებლობასაც გამოიჩენს და არ ექნება წინასწარ შემუშავებული, რომელიმე მხარისადმი სასარგებლო პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში. ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე მსგავს სიტუაციაში, თავისუფლად შერჩეული ადვოკატის დახმარებით, დაიცავს თავის პოზიციებს. საკუთარ პოზიციებს დაიცავს პროკურატურაც. ჩვენ კი ვიყუროთ მომავლისაკენ, რომლის შენებასაც თითოეული მინისტრის და მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და რომელიც ევროპული და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალია. მომავლის მთავრობებისა და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის კი აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი" - აცხადებს წულუკიანი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები