მიხეილ სააკაშვილის საქმე

ნარმანია: არავის უნდა ეპატიოს საკუთარ ხალხზე ხელის აწევა და იარაღის გამოყენება

თბილისის არჩეული მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "არავის უნდა ეპატიოს საკუთარი ხალხის მიმართ ხელის აღება და იარაღის გამოყენება". ნარმანია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალის წაყენების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესუალური ნორმების დაცვით ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის.

"ძალიან დიდი ხანია არსებობს კითხვები ცალკეულ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებულ საკითხებში. როგორც პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, გაცილებით უფრო მძიმე სხვა ფაქტებშიც მონაწილეობდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვებს, რაც გააჩნია საგამოძიებო ორგანოებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება პრეზიდენტი თუ რიგითი თანამდებობის პირი, ვალდებულია, გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხის მიმართ ხელის აღება და იარაღის გამოყენება არავის უნდა ეპატიოს. პროცესუალური ნორმების დაცვით ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის", - თქვა თბილისის არჩეულმა მერმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები