საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მთავარმა პროკურატურამ ბრალდების დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ოთარ კახიძეს, ასევე, დავით კეზერაშვილის და გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას გააცნო. ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურის მოწმეთა სიაში არიან მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე და ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი. ასევე, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები: ნინი საყვარელიძე, ეკა სოსელია, დიანა ტრაპაიძე, თეა სიჭინავა, ლევან ჯავახიშვილი და სხვები.
"მე არ მქონდა მასალების გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან, გამომძიებლის განმარტებით, ეს არის 80-ტომიანი მასალები თითო ბრალდებულზე. მასალები იდენტურია. ისინი ალაგებენ ამ ყველაფერს, რომ დღის მეორე ნახევარში ჩვენ გადმოგვცენ. მე მასალებთან წვდომა არ მქონია, მხოლოდ ბრალის დადგენილება გადმომცეს ადეიშვილსა და სააკაშვილზე. ორივე დადგენილება არის პრაქტიკულად ერთი და იგივე, ზუსტად ემთხვევა პროკურატურის იმ ნარატივს, რომელიც ჟურნალისტებს წაუკითხეს, ახალი ამ დადგენილებებში არაფერი არ არის. მასალები დღის მეორე ნახევარში გადმომეცემა და მეცოდინება რას ეყრდნობა ბრალი. რაც შეეხება მოწმეებს, დიდი ჩამონათვალია, მაგრამ არ მქონია საშუალება, გავცნობოდი ჩვენებებს. ჩამონათვალში წერია ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ ეს ჩვენება რაზეა და რას ამბობს, არ არის ცნობილი. ჩამონათვალში ყოფნა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული", - განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ "აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურას ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული. აპირებენ, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, მაგრამ არ არის ცნობილი - როდის".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.