მიხეილ სააკაშვილის საქმე

ენმ სენატორების განცხადებაზე: ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას არ ველოდებით

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, "არ ველოდები, რომ ამერიკელი სენატორების განცხადებას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან". მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების შესახებ ამერიკელი სენატორების შეშფოთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება შურისძიებით არის დაბრმავებული. ცნობისთვის, სენატორების ბენ კარდინის (დემოკრატი), ჯონ მაკკეინის (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინის (დემოკრატი) და ჯიმ რიშის განცხადებით, "ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, "ამერიკელ სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება დააზიანებს ქართულ დემოკრატიას, პირდაპირ არის მიმართული მთავარი ოპოზიციური პარტიის და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის განადგურებისკენ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია უკრაინაში მიმდინარე პროცესებში და სწორედ ამით არის განპირობებული ამერიკელი სენატორების მწვავე რეაქცია". 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები