მიხეილ სააკაშვილის საქმე

სანიკიძე: არ მგონია, ბრალის წარდგენამ გაამწვავოს ურთიერთობა პარტნიორებთან

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს არ ჰგონია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერებისთვის ბრალის წარდგენა, რამენაირად შეაფერხებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სივრცესთან და გაამწვავებს ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

”მე არ მგონია, რომ საერთოდ ეს შეაფერხებს რამენაირად საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სივრცესთან, თუნდაც გაამწვავებს ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ბრალდებები არის ძალიან სერიოზული. ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ეს იქნას გამოძიებული და დადასტურებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდება, არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ ის ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რეალურად იქნეს სამართალდაცვაში გადაცემული და, შესაბამისად, დასჯილი”, - თქვა სანიკიძემ.

ცნობისთვის, სენატორებმა - ბენ კარდინმა (დემოკრატი), ჯონ მაკკეინმა (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი) და ჯიმ რიშიმ (რესპუბლიკელი) სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერების მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება  გამოაქვეყნეს.

“ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებული ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა, და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა. მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი და ეროვნული განხეთქილების წყარო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ამდენი გამოწვევაა.

ჩვენ, და სხვებმა, მტკიცედ მოვუწოდეთ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, ფოკუსირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანას წინ გაძღოლოდნენ და არა უკან.

პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის გასამართლების გადაწყვეტილება.

ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შესვლასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დღესვე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს.

ბრალი 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეკომპანია იმედში შესვლისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში დანაშაულებრივად ჩაგდების საქმეზე ასევე წარუდგინეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას. 

პროკურატურამ განცხადება ბრალის წაყენების შესახებ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები