მიხეილ სააკაშვილის საქმე

გაბაშვილი: ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება არის მტკნარი სიცრუე

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი უარყოფს მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, ისინი ერთად ესწრებოდნენ 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირს, სადაც ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, აღნიშნულ თათბირზე საუბარია მთავარი პროკურატურის იმ განცხადებაშიც, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას ეხება. 

"თუ ვასიკო მაღლაფერიძე ასეთ რამეს ამბობს, რომ ოდესმე ერთად ვესწრებოდით რაღაც თათბირს, სადაც დაიგეგმა რამე დარბევა, ეს არის მტკნარი სიცრუე, სრული ტყუილი და ეს არის ზუსტად პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ჩვენება. ვანო მერაბიშვილმა გუბერნატორები და მინისტრები, მაგალითად, კულტურის მინისტრი, ერთად შეკრიბა და რაიმე სახის დარბევაზე ლაპარაკობდა, ეს არის აბსურდი და მის სინდისსა და ნამუსზე იყოს", - ამბობს გაბაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე პროკურატურის მოწმეთა სიაშია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძე. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ორი კვირის წინ მისცა ჩვენება და 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"მახსოვს ძალიან დეტალურად, რადგან ამ თათბირის შესახებ, მაქვს ჩვევა, რომ ჩავიწერო დღიურივით და მეორე დღესვე ეს წავაკითხე სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა ამ თათბირის შესახებ დეტალურად ისაუბრა არაერთგზის. ის ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას და რამდენჯერმე მიმართა პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს. ეს დეტალები მთლიანად ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. ეს არის იმ ჩვენებიდან, რომელიც მივეცი სახალხო დამცველს 2007 წლის 5 ნოემბერს, ზუსტად იგივე ჩვენება გადავეცი ორი კვირის წინ პროკურატურას", - აცხადებს მაღლაფერიძე.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის 2007 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერს უცვლელად აქვეყნებს ინტერნეტგამოცემა ლიბერალი. ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებით, 4 ნოემბრის თათბირს ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დათა ახალაია, გოკა გაბაშვილი, გოგა ხაჩიძე, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ მელიქიშვილი. მაღლაფერიძის მტკიცებით, მერაბიშვილმა გუბერნატორებს მიტინგზე მიმსვლელების სიების შედგენა და მათი ცემა დაავალა. აღნიშნულზე საუბრობს მთავარი პროკურატურაც.

"2007 წლის 4 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა „მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: "გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება". თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოიყვანეს 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები