მიხეილ სააკაშვილის საქმე

იმერლიშვილი: იმედია, გამოძიებას სააკაშვილზე უტყუარი მტკიცებულებები ექნება

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები ექნება. 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურა დადებს უტყუარ მტკიცებულებებს იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც წაუყენა ყოფილ პრეზიდენტს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას სწორედ ამ მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. შესაბამისად, ველი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით სპეკტიკოსებს, ისე გარეთ მოკავშირეებს გაეფანტებათ ყველანაირი ეჭვი და იქნება დამყარებული მხოლოდ მტკიცებულებებზე და არანაირად პოლიტიკურ შეხედულებებზე", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები