მიხეილ სააკაშვილის საქმე

დოლიძე: ამერიკელმა სენატორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, "ამერიკელმა სენატორებმაც უნდა იცოდნენ, რომ კანონი არის ყველასთვის ამ ქვეყანაში და პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას". დოლიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გამო ამერიკელი სენატორების და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებას გამოეხმაურა.

"სასამართლო თავისუფალია და, რა თქმა უნდა, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, სენატორებს, რომლებიც დიდი ხანია, გვერდში გვიდგანან, დავარწმუნებთ იმ რეალობაში, რასაც მთელი ცხრა წელი უყურებდა საქართველოს მოსახლეობა და თავის ზურგზე იწვნია. ამიტომ, ამერიკელმა სენატორებმაც უნდა იცოდნენ, რომ კანონი არის ყველასთვის ამ ქვეყანაში და პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას", - განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის გამო, შეშფოთება გამოთქვეს ამერიკელმა სენატორებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, "კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად". ხოლო აშშ-ის სენატორების ბენ კარდინის (დემოკრატი), ჯონ მაკკეინის (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინის (დემოკრატი) და ჯიმ რიშიმის (რესპუბლიკელი) განცხადებით, "ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას".

კომენტარები