ლოგისტიკა

საქართველოს ლოგისტიკურმა ასოციაციამ (GLA) მიწოდების ჯაჭვის კვლევა ჩაატარა

მიწოდების ჯაჭვის კვლევის შედეგების წარდგენა Marriot-ში
GLA

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA), აშშ-ის ორგანიზაცია Supply Chain Council-თან (SCC) ერთად და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამის (EPI) მხარდაჭერით, მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტურობის კვლევა დაასრულა.

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები.

კვლევაში საცალო ვაჭრობის, წარმოების, ფარმაციის, სამომხმარებლო საქონლის გასაღებისა და ელექტროტექნიკის სფეროში მოღვაწე 20 მულტინაციონალური და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. დასრულებული კვლევა ობიექტურ და რაოდენობრვი მონაცემებს წარმოადგენს, რაც კომპანიებს მართებული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. თითოეულ მონაწილეს წარედგინა განსაზღვრული სექტორის მიხედვით საკუთარი მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის პროცესების შედარებითი ანალიზი კონკურენტებთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში გამოქვეყნებული შედეგები ანონიმურია და არ იძლევა მონაცემების მიხედვით მონაწილე კომპანიების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

ღონისიძიებას ესწრებოდნენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების მენეჯერები, კვლევაში მონაწილე კომპანიების, სამთავრობო სტრუქტურების, ფინანსური ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აღნიშნული კვლევა პირველად საქართველოში ჩატარდა. 2015 წლიდან GLA-ს მიერ მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა ყოველწლიურად განხორციელდება. კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორის განვითარებაში და ამ დარგში მოღვაწე კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

რა ძირითადი პრობლემები არსებობს საქართველოში ლოგისტიკის სექტორის განვითარების თვალსაზრისით და როგორია მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) სექტორის დონე ქვეყანაში, რამ განაპირობა უპრეცედენტო კვლევის დაწყება და რა გამოიკვეთა კვლევის შედეგად - ამაზე საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი დობორჯგინიძე საუბრობს.

- ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს. კარგად განვითარებული ლოგისტიკა განაპირობებს მაღალი ხარისხის სერვისს, იაფ და ეფექტურ მიწოდების ჯაჭვს, რაც კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა როგორც  საქართველოსთვის, ასევე ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის. საქართველოში ტერმინი „ლოგისტიკა“ ტრადიციულად გულისხმობს ტრანსპორტირებასა და ტვირთის დასაწყობების მარტივ ოპერაციებს. არ არის დადგენილი მისი სტანდარტები. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი უპრეცედენტო კვლევის დაწყებაც, რომლის შედეგებიც სულ ახლახან გახდა ცნობილი.

რას მოიცავდა GLA-ს კვლევა?

- GLA-ს და SCC-ს კვლევას ქვეყანაში ლოგისტიკური ჯაჭვის მართვის საერთაშორისო პრაქტიკა და მსოფლიოს წამყვან კომპანიებში პროცესების შეფასების აპრობირებული სისტემა შემოაქვს. კვლევის შედეგად შეფასდა კომპანიებში არსებული მიწოდების ჯაჭვის შემდეგი 6 პროცესის ეფექტურობა: დაგეგმარება, პროგნოზირება, შესყიდვა, წარმოება, მიწოდება და დაბრუნება. პირველი აღნიშნული კვლევა შეეხო იმ ინდუსტრიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუტის (მშპ) ფორმირებაში და, ამასთანავე, გამოირჩევიან ლოგისტიკური ოპერაციების კომპლექსურობით. კვლევაში წარმოდგენილი იყო შემდეგი სტრუქტურები: საკვები პროდუქტების წარმოება, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, სამომხმარებლო ტექნიკის დისტრიბუცია, სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია.

რა შესაძლებლობები ექმნებათ მონაწილე კომპანიებს?

-  ეს შესაძლებელს ხდის, რომ თითოეულმა მონაწილემ მიიღოს მისი ოპერაციების ეფექტურობის შეფასება და მისი კონკურენტების მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მაჩვენებლის შედარებითი ანალიზი. კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, შეადარონ მათი მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მაჩვენებლები (KPI-Key Performance Indicators) მათ კონკურენტებს საქართველოს მასშტაბით, აგრეთვე მოახდინონ მათი შედარება SCC-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან.

- რას იღებს ორგანიზაცია შედარებითი ანალიზის შედეგად?

- ეფექტურ შედარებით ანალიზს შეუძლია ორგანიზაციის დახმარება მისი ოპერაციული და მიწოდების ჯაჭვის მართვის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების თვალსაზრისით. ასევე ის საშუალებას აძლევს კომპანიებს, ზუსტად განსაზღვრონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვის პროცესების მართვის კუთხით და დასახონ სტრატეგიული გეგმა მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. ამის კარგი მაგალითია ერთ-ერთი გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის საოპერაციო დანახარჯები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რეგიონების მიხედვით და იყო უფრო მაღალი, ვიდრე მისი კონკურენტებისა აღნიშნულ სექტორში. ჩატარებული მიწოდების ჯაჭვის კვლევა აღნიშნულ კომპანიას დაეხმარა მოეხდინა იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი გახდა დანახარჯების შემცირება, რასაც მოჰყვა ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება და საჭირო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავება. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, საბოლოო ჯამში, განაპირობა კომპანიის დანახარჯების ოპტიმიზაცია და კონკურნეტუნარიანობის ამაღლება.

GLA-ს საქმიანობა მიმართულია მიწოდების ჯაჭვის მართვასა და ლოგისტიკაზე, ასევე დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული საწარმოო პროცესის ჩამოყალიბებაზე. ორგანიზაციის წევრებს საშუალება აქვთ, მიიღონ წვდომა დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო მოთამაშეებზე და რესურსებზე. ასევე ეძლევათ წვდომის საშუალება SCC-ის 1000-ზე მეტ წევრ ორგანიზაციასთან. 

გარდა ამისა, GLA-ს დაწყებული აქვს ლოგისტიკის აკადემიის ჩამოყალიბება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. უახლოეს ხანში GLA-ს  ლოგისტიკის აკადემია ბაზარს შესთავაზებს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებსა და ტრენინგებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და მიწოდების ჭაჭვის სფეროებში. აკადემიის სასწავლო პროგრამები შემუშავებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლოგისტიკის უმაღლეს სკოლასთან ერთად. აკადემიის პერსონალი გადამზადებას გაივლის აშშ-სა და სამხრეთ კორეაში. 

კომენტარები