მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: პროკურატურამ მტკიცებულების შექმნა დადგენილების გამოტანის მერე დაიწყო

ოთარ კახიძე
facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით, 80-ტომიან საქმეში მთავარი და ერთადერთი მოწმე, ვინც სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს, ნინო ბურჯანაძეა. ადვოკატის ცნობით, ბურჯანაძის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება მომიტინგეთა დაშლის და იმედში შესვლის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, თუმცა სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის სახელსა და გვარს არავინ ახსენებს. ამასთან, კახიძე აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა 28 ივლისს, 13:00 საათზე გამოიტანა, ხოლო ნინო ბურჯანაძის ჩვენება, რასაც ეყრდნობა აღნიშნული დადგენილება, მიღებულია რამდენიმე საათით გვიან. 

"ანუ პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალდების დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მტკიცებულებების გარეშე და ამის შემდგომ, 15:45 საათზე დაიწყო ნინო ბურჯანაძის დაკითხვა. აღნიშნული დაკითხვა დასრულდა 17:10 საათზე. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის დავალებით, პროკურატურამ ფორსირებულ რეჟიმში დაწერა დადგენილება და შემდგომ დაიწყო მტკიცებულებების "შექმნა", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძის ჩვენების გარდა, არ არსებობს არცერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს. 

"მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება არის სრულიად უკანონო და დასაბუთებული ვარაუდის არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან მისი გამოტანისას არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას", - თქვა კახიძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები