ხანძარი

გალფის ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია

commersant.ge

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე გალფის ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ცეცხლი რეზერვუარებთან მიახლოებული იყო. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგაძის განმარტებით, დიდი ალბათობით, მსხვერპლი იქნებოდა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხსა და ბენზინგასამართ სადგურს ეკიდა. მისივე თქმით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე 12-მდე მანქანა დაიწვა. 

"დიდ საფრთხეს გადავურჩით. მიმდებარე ტერიტორიაზე 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე, ისინი რომ აფეთქებულიყო, გლდანის მოსახლეობა ძალიან დაზარალდებოდა, ხანძრის შედეგად, მსუბუქად დაზარალდა ერთი ადამიანი", – თქვა გიორგაძემ.

სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხანძრის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა. მათი ცნობით, იყო ერთი ძალიან მსუბუქი შემთხვევა, თუმცა პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ამასთან, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გალფის ნავთობბაზის მიმდინარე ტერიტორიაზე შპს ლადი 2010-ის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიები დაიწვა. როგორც სააგენტოს მაღაზიების მფლობელმა დავით ყარაბუღაშვილმა უთხრა, ხანძარმა ავტონაწილების ხუთი მაღაზია სრულად გაანადგურა. დამწვარია ასევე, ეზოში მდგარი 10-მდე მეორადი ავტომობილი.

ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კომპანია გალფის წარმომადგენლებიც.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება. გალფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯიბლაძის განცხადებით, ხანძარი საწვავის ჩასხმის პროცესში გაჩნდა. მისი თქმით, ცეცხლი ბენზომზიდს გაუჩნდა, თუმცა მიზეზები დადგენილი არ არის. 

"იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში კომპანია, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს", - აღნიშნა ჯიბლაძემ. 

კომენტარები