ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმე

რომან შამათავა ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეში გაამართლეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალდებაში გაამართლა, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში კი სასამართლომ შამათავა დამნაშავედ ცნო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, რომან შამათავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა.

ეპიზოდში, რომელშიც რომან შამათავა სასამართლომ გაამართლა, მას ბრალად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის მოწყობა და იარაღის გამოყენება ედებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის საშიშროება შექმნა. ბრალდების მასალების მიხედვით, ჯგუფურად ჩადენილი ტერაქტის მიზანი მოსახლეობის დაშინება იყო, რამაც სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ჩაიბარებს, შამათავას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო წესით აუცილებლად გაასაჩივრებს.

რაც შეეხება ბრალდებას, რომელშიც შამათავა დამნაშავედ ცნეს, შამათავას ბრალად მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა, რამაც ძალადობით და იარაღის გამოყენებით ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.  

საქმის მასალების მიხედვით, 2008 წლის მაისში რომან შამათავამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა პირველი განყოფილების სამმართველოს ყოფილმა ინსპექტორმა მალხაზ მურღულიამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, ტერორისტული აქტის მოწყობა განიზრახეს.

„აღნიშნულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით განახორციელეს რა ტერორისტული აქტი, მიაღწიეს დასახულ მიზანს, მოსახლეობაში დანერგეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების რეალური შიში, რითაც სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესები არსებითად შეილახა“, - აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქმიდან მალხაზ მურღულიას ნაწილი ცალკე გამოიყო და მასთან პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

რომან შამათავა ასევე ბრალდებულია პაატა ქარდავას და დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმეებში. 

კომენტარები