მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურატურა: გამოძიებას ბურჯანაძის ჩვენებამდეც ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უწყებამ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების დადგენილება ნინო ბურჯანაძის დაკითხვამდე გამოიტანა, რადგან "გამოძიებამ ბურჯანაძის დაკითხვის გარეშეც შეკრიბა უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რაც იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მ.სააკაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე". სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით კი, 80-ტომიან საქმეში მთავარი და ერთადერთი მოწმე, ვინც სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს, ნინო ბურჯანაძეა. ადვოკატის ცნობით, ბურჯანაძის ჩვენების მიხედვით, გადაწყვეტილება მომიტინგეთა დაშლის და იმედში შესვლის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, თუმცა სხვა მტკიცებულებების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის სახელსა და გვარს არავინ ახსენებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. უწყების ცნობით, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტები. 

"საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, მტკიცებულებათა გაცვლა ბრალდებულების ადვოკატებთან მოხდა 2014 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, დაცვის მხარის განცხადება გაცვლიდან მეორე დღეს მტკიცებულებათა არარსებობის შესახებ არასერიოზულია და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასევე გვინდა განვმარტოთ, რომ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა ხდება სასამართლოში, არსებითი განხილვისას და სწორედ სასამართლოა ის ორგანო, რომელიც აფასებს მტკიცებულებების საკმარისობას და სანდოობას, ასე რომ, გამოძიების ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები სრულიად უსაფუძვლოა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ოთო კახიძე აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა 28 ივლისს, 13:00 საათზე გამოიტანა, ხოლო ნინო ბურჯანაძის ჩვენება, რასაც ეყრდნობა აღნიშნული დადგენილება, მიღებულია რამდენიმე საათით გვიან. 

"ანუ პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალდების დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მტკიცებულებების გარეშე და ამის შემდგომ, 15:45 საათზე დაიწყო ნინო ბურჯანაძის დაკითხვა. აღნიშნული დაკითხვა დასრულდა 17:10 საათზე. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის დავალებით, პროკურატურამ ფორსირებულ რეჟიმში დაწერა დადგენილება და შემდგომ დაიწყო მტკიცებულებების "შექმნა", - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძის ჩვენების გარდა, არ არსებობს არცერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე საუბრობს. 

კომენტარები