სოციალური მომსახურების სააგენტო

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ტაბულას ინფორმაციით, მათი გათავისუფლების მიზეზი დეპარტამენტის გაუმართავი მუშაობა გახდა. თუმცა, სოციალური მომსახურების დაცვის სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „რამდენიმე თანამშრომელი ჩვეულებრივად, თავისი სურვილით და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ორი-სამი არის, მგონი“.

ტაბულას დამაზუსტებელ კითხვაზე, ნამდვილად ორი-სამი თანამშრომელი გათავისუფლდა თუ არა, თალაკვაძე პასუხობს, რომ „რამდენიმეა, რომელიც ურთიერთშეთანხმებით გათავისუფლდა“.

კითხვაზე, რა გახდა თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ „ეს ხელმძღვანელობის სურვილი არ არის, ურთიერთშეთანხმება ურთიერთშეთანხმებაა. თვითონ დაწერეს ურთიერთშეთანხმებით, რომ გთხოვთ, შევწყვიტოთ შრომითი ხელშეკრულებები“.

ტაბულამ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს გათავისუფლებული თანამშრომლების თანამდებობის დასახელებაც სთხოვა. გაიოზ თალაკვაძის თქმით, „სხვადასხვა რანგია, არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული“. კითხვაზე, „როდის გათავისუფლდნენ“, თალაკვაძე პასუხობს, რომ „ჯერ არავინ გათავისუფლებულა“. კითხვაზე, „ანუ ეს შეთანხმება შედგა და აპირებთ გათავისუფლებას?“, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი პასუხობს, რომ „შრომის კოდექსის მიხედვით, ურთიერთშეთანხმება არის შრომითი ხელშეკრულების მოშლის ერთერთი საფუძველი“.

ამასთან, გაიოზ თალაკვაძემ ტაბულას ინფორმაციის წყაროს დასახელება სთხოვა და აღნიშნა, რომ „სხვანაირია მოცემულობა და იმიტომ გეკითხებით, საიდანაა ეს ჭორი, რომ თანამშრომლები გავუშვით?“. მისივე განმარტებით, „3 000-მდე თანამშრომელია სოციალური მომსახურების სააგენტოში და როგორ წარმოგიდგენიათ, არ შეიძლება, რომ რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად წავიდეს სხვა სამსახურში?“.

კომენტარები