დინამო თბილისი

დინამო თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა, ბილეკი კი გოგიჩაიშვილმა შეცვალა

დინამო თბილისი

თბილისის დინამოში საკადრო ცვლილებებია.

საქართველოს ჩემპიონის რიგებში აღარ ირიცხებიან ფეხბურთელები: გიორგი მერებაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი, თორნიკე გორგიაშვილი, ოთარ მარცვალაძე, დავით ხურცილავა, რაფა ჯორდა, რაულ გარსია, რადიკ დოსოუდილი, პატრიკ ვუო და გიორგი ლორია. 

თანამდებობა დატოვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ვაშაკიძემ, ხოლო მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი კახი გოგიჩაიშვილმა შეცვალა.

გოგიჩაიშვილი დინამოს 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, რომელმაც ახლახან რურის საერთაშორისო თასი მოიპოვა.

"დინამოში ითამაშებს ის, ვინც უკეთ იქნება მომზადებული და დადებს სულს და გულს მოედანზე. უახლოეს დღეებში ზუსტად მეცოდინება განათხოვრებული ფეხბურთელების შესახებ. ჩემპიონატი რამდენიმე დღეში იწყება და პირველ რიგში მთავარი იქნება გუნდის შეთამაშება. დახმარებას გამიწევენ სულიკო დავითაშვილი, ზურაბ ქვაჩახია და გელა ჭანტურია. ამ ეტაპზე ფიზმომზადების კუთხით ბონდო გოცირიძე იმუშავებს", - განაცხადა კახი გოგიჩაიშვილმა.

დინამო თბილისის ვებგვერდის ცნობით, კლუბი მიმართულებას ცვლის, უარს ამბობს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებზე და ამიერიდან აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდება.

"გუნდს ჰქონდა შექმნილი ქართული ფეხბურთის დღევანდელ რეალობასთან შედარებით არაადეკვატურად საუკეთესო ყოფითი პირობები. პირადად ჩემი მოთმინება დასრულდა. ვაახალგაზრდავებთ გუნდს. უნდა მივცეთ საშალება დინამოს და ამ ახალგაზრდებს, რომ შეთამაშდნენ და არ დადგეს ის დღეები, როდესაც სულ ვფიქრობთ რაღაცის ცვლილებაზე. დინამოში ითამაშებენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვინც დინამოსთვის დადებენ სულს და გულს", - განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

კომენტარები