კრიზისი უკრაინაში

ყირიმში კიევის საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსის სახლი გადაწვეს

მთავარეპისკოპოსი კლიმენტი
espreso.tv

21 ივლისს, საღამოს, ყირიმში უცნობებმა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, კლიმენტის აგარაკი დაწვეს. ამის შესახებ თავად მეუფე კლიმენტიმ განაცხადა. სახლის გვერდით დგას ტაძარი, რომელიც ასევე მეუფე კლიმენტის საკუთრებაა, რადგან მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ხელს უშლიდა კიევის ავტოკეფალიის მიერ ტაძრების მშენებლობას, რაც იერარქიას აიძულებდა მიწა ეყიდა და შემდეგ თავის სახელზე გაეფორმებინა საეკლესიო საკუთრება.

"სოფელ პერევალნოიში მომხდარის შემდეგ, როცა ყირიმის ”თავდაცვის ძალებმა” კიევის საპატრიარქოს წაართვეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, დაიწყო ჩვენი საკუთრების ხელყოფა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ სახლის დაწვას ვაფასებთ, როგორც ამ ადამიანთა მხრიდან გაფრთხილებას, რომ შესაძლოა ხელყოფილ იქნას თავად ტაძარი", - განაცხადა მღვდელმთავარმა.

მეუფე კლიმენტი არ გამორიცხავს, რომ კიევის საპატრიარქოს საკუთრების ხელყოფაში დამნაშავეები მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი კლიმენტი, ყირიმში რუსული ანექსიის დროს, უკრაინის სამხედრო ნაწილის შესასვლელთან დადგა და რუსებს გზა გადაუღობა. კიევის საპატრიარქო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის იურისდიქციას არ აღიარებს და პატრიარქ ფილარეტს ემორჩილება, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, ყირიმში სისტემატურ დევნას განიცდის.

კომენტარები