მიხეილ სააკაშვილის საქმე

არასამთავრობოები: სააკაშვილის მოწმედ დაბარება ფორმალურ ხასიათს ატარებდა

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას ეხმიანება.

განცხადების თანახმად, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში გამოძიების პოლიტიკური მოტივაციისა და მიუკერძოებლობის კუთხით არაერთი კითხვა გააჩინა. განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სენატორებმა, რომლებმაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.

„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში განვითარებული პროცესები სამართალწარმოების კანონიერების შესახებ კითხვებს ბადებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პირის დაკავების ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადებები კეთდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იქამდე, სანამ განხორციელდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ასევე, სისტემატურად ხდება არაბრალეულობის პრეზუმფციის დარღვევა. ყოველივე ეს კითხვებს აჩენს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების კუთხით, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ყველა შესაძლო პირის ბრალეულობის შესახებ განცხადებისგან, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება პოლიტიკოსს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის 28 ივლისს, 11 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით 2014 წლის 28 მარტსაც დაიბარეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწმედ გამოუცხადებლობის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

„ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ დაკითხვაზე მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილის დაბარება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად მისთვის ბრალის წარდგენას ისახავდა. მოცემულ ეჭვს აღრმავებს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაც, რომელშიც ფაქტობრივად დადასტურებულია ის გარემოება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებულად ცნობას პროკურატურა ისედაც ისახავდა მიზნად, ხოლო მოწმის სახით დაბარება განხორციელდა მხოლოდ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილისათვის მიეცათ გონივრული ვადა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებისა და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს საქმეზე - ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - განჩინება გამოიტანა, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა.

„სასამართლოს განცხადებით, პირის მოწმედ დაბარება, როცა რეალური მიზეზი მისთვის ბრალის წარდგენა იყო, ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და, ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას აკნინებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეში სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე კანონის ამგვარ ინტერპრეტაციას პრობლემატურად მიიჩნევენ. მათი აზრით, არამართებულია პირის მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუ საგამოძიებო ორგანოს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პირის ბრალდებულად ცნობისთვის.

„მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაჭიანურებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები იქნას დაუშვებლად ცნობილი. ამ პირობებში გამოძიების ინტერესებიც შეიძლება შეილახოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ პირის მოწმედ დაბარება, როდესაც მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი სახეზეა, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ადამიანის უფლებებთან, ისე გამოძიების საჯარო ინტერესებთან.

განცხადების ავტორები საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, რომ გამორიცხოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც პოლიტიკოსთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების კანონიერების შესახებ გარკვეულ ეჭვებს გამოიწვევს.

განცხადების თანახმად, ამ მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღება (რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება) და პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ვენეციის კომისიის 2013 წლის 11 მარტის (CDL-AD(2013)001) მოხსენების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ფონდიღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

იდენტობა

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი (INC)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კომენტარები