თბილისის მერია

ნარმანიას პრესსამსახური: ირაკლი აბესაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

თბილისის არჩეული მერის დავით ნარმანიას პრესსამსახური საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. აბესაძის ცნობით,  ქართული ოცნების გუნდისთვის საქმეების გადაბარების პროცესის ფარგლებში, დავით ნარმანიას სახელით, მერიაში 29 ივლისს მივიდა შსს-ს ორი თანამშრომელი გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი, რომლებმაც ისარგებლეს მერიაში არსებული სისტემებით და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი - [email protected]. აბესაძის თქმით, აღნიშნული მისამართის გამოყენებით, "მათ გატეხეს გიორგი უგულავას სარგებლობაში არსებული პირადი მეილი, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ ინფორმაციას".

დავით ნარმანიას პრესსამსახური კატეგორიულად მოითხოვს ირაკლი აბესაძისგან, "ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. დავით ნარმანიას წარმომადგენლები გარდამავალ პერიოდში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან იღებენ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას სამსახურების დებულებების, საშტატო რაოდენობების, სამოქმედო გეგმებისა თუ ბიუჯეტის შესრულების შესახებ. სამწუხაროა, თუ აბესაძემ არ იცის, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არათუ არჩეულ მერს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს".

ირაკლი აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, განმარტოს, რა საფუძვლით იმყოფებოდნენ მათი თანამშრომლები მერიაში და რატომ მოქმედებდნენ უკანონოდ. შსს-მ კი, დეპუტატის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ აბესაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

კომენტარები