ჯანდაცვა

ზოგიერთი მედიკამენტის რეცეპტის გარეშე გაყიდვა სექტემბრიდან აიკრძალება

REUTERS

სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები და საძილე და სედაციური საშუალებები, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომელთაც მცენარეული შემადგენლობა აქვთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. 

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება მედიკამენტების ფასის ზრდას არ გამოიწვევს, თუმცა ეკონომისტ ლევან კალანდაძის თქმით, დღის წესრიგში დადგება შესყიდვის წესის გართულებით გამოწვეული სხვა ხარჯების ზრდა. 

გაიზრდება როგორც დროითი, ასევე ექიმთან ვიზიტის ფინანსური დანახარჯები და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ შემცირდება გამტარუნარიანობაც, ანუ შეფერხდება რეცეპტით გათვალისწინებული წამლების გაცემის ტემპი. რაც უფრო მეტ პროცედურასთან არის ასოცირებული ამა თუ იმ მედიკამენტის მიღება, მით უფრო გართულდება და დროში გაიწელება მომხმარებლისთვის, - ამბობს კალანდაძე. 

ეკონომისტს მიაჩნია, რომ სააფთიაქო ნარკომანია პრობლემაა, თუმცა რეგულაციების დანერგვა არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ეფექტიანად გაუმკლავდება ამ პრობლემას და, გარდა ამისა, კეთილსინდისიერ მომხმარებელსაც სიძნელეებს შეუქმნის.

სერგეენკომ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ნუსხა საქართველოში რეგისტრირებულ 3306 მედიკამენტს მოიცავს. სარეცეპტო ბლანკები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი შეძლებს.

კომენტარები