მიხეილ სააკაშვილის საქმე

პეტრიაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სააკაშვილის საქმეზე კითხვები არ იყოს

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსპარენტული და არ დარჩეს კითხვები", - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე უცხოელი პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს მთავრობა ყოველთვის გულისყურით უსმენს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მივესალმებით მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის პროცესის წინსვლას შეეხება. ჩვენც მხარს ვუჭერთ, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშნები. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებებს ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვუსმენთ და, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოძიება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსპარენტული და არ დარჩეს კითხვები", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ, ასევე ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპები შეახსენეს.

კომენტარები