მიხეილ სააკაშვილის საქმე

ფანჯიკიძე: პარტნიორებს ვეტყვით, რომ გამოძიება დაეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "გამოძიება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს და ეს ასეც იქნება, რის შესახებაც ჩვენს პარტნიორებს მოვახსენებთ". მინისტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა.

"კანონი ნამდვილად არ უნდა იქცეს შურისძიების იარაღად. ყველა განცხადებაში, რომელიც ამ მიმართულებით გაკეთდა, აღნიშნულია ის, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი. გამოძიება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს და ეს ასეც იქნება, რის შესახებაც ჩვენს პარტნიორებს მოვახსენებთ", - ასე უპასუხა ფანჯიკიძემ ტაბულას კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, იყო გამჭვირვალე და მას ესწრებოდნენ და აფასებდნენ საერთაშორისო ექსპერტები.

"არსებობს მათი შეფასებები, მოსაზრებები. ასე იქნება მომავალში. საქართველოში ჩამოსულები არიან ძალიან სერიოზული, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები. საბოლოო დასკვნას სწორედ ისინი დადებენ, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესები", - განაცხადა ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები