საჩხერის ჩიხურა

ფანჯიკიძე ნეფთჩი-ჩიხურას ინციდენტზე: ეს იყო პროვოკაციული გამოხტომა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, აზერბაიჯანში, ნეფთჩი-ჩიხურას მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე რუკა გადმოფინეს წარწერით - "ეს საქართველოა", იყო "პროვოკაციული გამოხტომა". მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იმყოფებიან საქართველოში და სპორტის სამინისტრო მათ აუხსნის, რომ ამის უკან არ დგას არც სახელმწიფო და არც გუნდის ჭეშმარიტი გულშემატკივრები.

"ეს იყო ვიღაცის ინდივიდუალური ქმედება, რომელიც იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ყველა უნდა გაემიჯნოს ამ პროვოკაციას და დაგმოს ასეთი საქციელი. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, გვაქვს ძალიან დიდი პარტნიორობა და ურთიერთობა ამ ქვეყანასთან და მიუღებელია, ასეთი პროვოკაციული გამოხტომებით ამ ურთიერთობის დაძაბვა. რასაკვირელია, არავითარი დაძაბვა სახელმწიფოებს შორის არ იქნება, ასეთი პროვოკატორები მიზანს ვერ მიაღწევენ, მაგრამ თავისთავად სირცხვილია, როდესაც ასეთი რამე არსებობს", - თქვა ფანჯიკიძემ.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ჩიხურასა და ბაქოს ნეფთჩს შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა". ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები