საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

იმერლიშვილი: აზერბაიჯანი მათ კანონმდებლობასთან შეუსაბამო მანქანებს ზღუდავს

financial.ge

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე მხოლოდ იმ მანქანებს არ ატარებენ, რომლებიც აზერბაიჯანის კანონმდებლობას არ შეესაბამება. არსებული ინფორმაციით, საუბარია 2006 წლის შემდეგ გამოშვებულ მანქანებზე. ამასთან, იმერლიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების შეჩერება ნეფთჩი-ჩიხურას მატჩზე მომხდარ გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებულ კანონმდებლობას. სხვა არანაირი შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო ან ადამიანების გადაადგილებისა, არ არის. ეს კანონი კარგა ხანია მიიღეს, დაანონსებულია, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედდებოდა", - თქვა იმერლიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და დამატებითი ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართეს.

კომენტარები