საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

აზერბაიჯანში საქართველოს კონსული: არ ვიცოდით, რომ კანონი დღეიდან ამოქმედდებოდა

საქართველოს კონსული აზერბაიჯანში ნიკოლოზ გოგიტიძე აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება. ამასთან, როგორც გოგიტიძემ ტაბულას უთხრა, საქართველოს საელჩოსთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნული კანონი 1 აგვისტოდან ამოქმედდებოდა. მისი ინფორმაციით, საზღვარზე არსებულ სიტუაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არკვევენ.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვას ვერ დაგიდასტურებთ. ავტომობილებს არ უშვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რადგან მათ აქვთ მიღებული კანონი, რომ 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილები შეიძლება შევიდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საზღვარზე დატოვებს დეპოზიტს ანუ მანქანის ღირებულების გარკვეულ ნაწილს, ან იქნება აზერბაიჯანის მოქალაქის მოწვევა და დასტური, რომ აღნიშნული მანქანა უკან დაბრუნდება. ხშირია, რომ ჩვენს მანქანებს აზერბაიჯანში ყიდიან, მათი კანონმდებლობა კი ამას კრძალავს. მაგრამ ჩვენთვის არ უცნობებიათ, რომ კანონი დღეიდან ამოქმედდებოდა, რადგან გავაფრთხილებდით საქართველოს მოქალაქეებს და გაუგებრობა აღარ მოხდებოდა. ამას ვარკვევთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პროცესში ვართ. ისინიც საქმის კურსში არიან და არკვევენ, რა სიტუაციაა საზღვარზე", - აცხადებს გოგიტიძე ტაბულასთან საუბარში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ეს არავითარ კავშირში არ არის ნეფთჩი-ჩიხურას მატჩზე მომხდარ გუშინდელ ინციდენტთან".

აზერბაიჯანში საქართველოს კონსული ამბობს, რომ "აზერბაიჯანულ მხარეს კანონი კარგა ხანია, მიღებული აქვს. უბრალოდ, ჩვენ არ ველოდით, რომ ეს 1 აგვისტოდან ამოქმედდებოდა. ინფორმაცია არ იყო შემოსული საელჩოში და გაფრთხილებულები არ ვიყავით".

კომენტარები