მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

საერთაშორისო ექსპერტებმა ბოინგის ჩამოვარდნის ადგილი პირველად მოინახულეს

საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება. ქალაქ შახტიორსკთან, ოფიციალური ცნობით, სულ მცირე, 10 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მინსკში სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები 20-20 ტყვეს გაათავისუფლებენ. უკრაინის წარმომადგენლის განცხადებით, სეპარატისტებმა პირობა დადეს, რომ უკრაინულ მხარეს ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის მგზავრთა პირად ნივთებს გადასცემენ.

ასევე მიმდინარეობს მსჯელობა კატასტროფის ადგილზე საერთაშორისო ესპერტების უსაფრთხოდ მისასვლელად ახალი მარშრუტის შემუშავების თაობაზე. საბრძოლო მოქმედებები ბოინგის ჩამოვარდნის ადგილის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს. დღეს ექსპერტებმა ნიდერლანდებიდან და ავსტრალიიდან, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, კატასტროფის ადგილს პირველად მიაღწიეს. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ექსპერტთა უსაფრთხოების გარანტიები კვლავაც არ არსებობს. 

"MH17-ის ჩამოვარდნიდან სამი კვირის თავზე ჩვენმა გუნდმა კატასტროფის ადგილას მისვლა პირველად შეძლო. ეს მზვერავთა ჯგუფი იყო, რომელმაც, ეუთოს თანხლებით, უსაფრთხოების კუთხით შეაფასა მისასვლელი გზები და კატასტროფის ადგილი მოინახულა. სიტუაცია უსაფრთხოების მხრივ ძალიან არასტაბილურია. ამიტომაც არ ვართ დარწმუნებული, რომ ექსპერტთა მთელი ჯგუფი უახლოეს მომავალში კატასტროფის ადგილზე მისვლას შეძლებს. თუმცა მცდელობებს გავაგრძელებთ", - განაცხადა ჰოლანდიური საპოლიციო მისიის ხელმძღვანელმა პიტერ იან აალბერსბერგმა.

კომენტარები