ფარული მოსმენები

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული მოსმენები მხოლოდ განზრახ, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზეა დასაშვები. ამასთან, განისაზღვრა პირთა წრე, ვის მიმართაც ფარული მოქმედებები დასაშვებია - ეს არის პირი, რომელიც დანაშაულთან პირდაპირ კავშირშია, ან პირი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი კომუნიკაციას ახორციელებს. 

საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდა, ამის შესახებ აცნობოს. გარდა ამისა, პირს მის მიმართ განხორციელებული ფარული ღონისძიებების კანონიერების გასაჩივრების უფლებაც ეძლევა. ხოლო, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ ფარული ღონისძიება უკანონოდ განხორციელდა, ეს სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის, ამ გზით მიღებული მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს აჩენს. ამასთან, პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი ექნება.

კანონმდებლობით რეგლამენტირებული იქნება, ვინ არის ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი: გამოძიების სტადიაზე - პროკურორი, სასამართლო წარმოების სტადიაზე – სასამართლო.

საკანონმდებლო ცვლილება ინფორმაციის განადგურების სამსაფეხურიანი რეჟიმს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ისიც განისაზღვრება, რომ ფარული მოსმენები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის (როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალება – თუ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის შესაძლებელია სხვა ღონისძიბების განხორციელება, ფარული საგამოძოებო ღონისძიებების გამოყენება არ უნდა მოხდეს) მიღწევისთვის. საკანონმდებლო პაკეტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება ფართოვდება. ინსპექტორს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კერძო და სახელმწიფო დაწესებულების, მათ შორის, სამართალდამცავი სისტემის შემოწმების უფლება ეძლევა. ამასთან, იგი მიზანშეწონილად მიჩნეული ორგანიზაციის შემოწმებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს პარლამენტი აირჩევს და ის პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

კანონმდებლობაში კვლავ ღიად რჩება საკითხი - ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები". საკანონმდებლო პაკეტი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კომენტარები