მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: მიხეილ სააკაშვილს ადვოკატის გარეშე უფარდებენ პატიმრობას

ოთარ კახიძე
facebook

მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის ოთო კახიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომის ჩანიშვნის დრო დაცვის მხარისთვის არ უცნობებიათ. ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლო პროცესი 19:00-ზე იმართება.

"დაცვის მხარეს გონივრული ვადით ადრე არ გვეცნობა სხდომის გამართვის დრო. მე დასავლეთ საქართველოში ვარ, ამის შესახებ პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენე. პროცესზე ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. მიხეილ სააკაშვილს ადვოკატის გარეშე უფარდებენ პატიმრობას", - აცხადებს კახიძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე იუსტიცის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, საგამოძიებო უწყება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები