მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა 1 საათით გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა 1 საათით გადაიდო და 20:00 საათზე დაიწყება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00-ზე იყო ჩანიშნული.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე საათის წინ მიმართა.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, საგამოძიებო უწყება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები