გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიში

ბოკერია: მთავრობა პოლიტიკური დევნის გასამართლებლად გაეროს ანგარიშს ამახინჯებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, საგანგაშო და სამარცხვინოა, რომ მთავრობა 2008 წლის ომთან დაკავშირებულ მოწოდებებს პოლიტიკური დევნის გასამართლებლად იყენებს. ბოკერია აღნიშნავს, რომ მთავრობა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენებას ამახინჯებს.

"გაეროს კომიტეტი მოუწოდებს, რომ გამოძიებულ იქნას რუსული აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებები. მთავრობა პოლიტიკური დევნის გასამართლებლად პირდაპირ ცრუობს და ამახინჯებს ამ მოხსენებას. კარგად ვიცით, რომ 2008 წელს დანაშაული ჩაიდინეს რუსმა ოკუპანტებმა - წმენდა-წამება, სამოქალაქო ობიექტების განადგურება და ა.შ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამართლებასთან. რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, პირიქით, კომიტეტი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ხედავს აშკარა საფრთხეს წარსული საქმეების გამოძიებისას, ამ ყველაფრის პოლიტიკური დევნისთვის გამოყენებისა და მოუწოდებს მთავრობას, ეს ასე არ მოხდეს. ამასთან ერთად, პირდაპირ აკრიტიკებს ჩვენს ახალ ხელისუფლებას, რომ ციხის ცნობილ და აღმაშფოთებელ კადრებთან დაკავშირებით, მათ გამოიყენეს რბილი მუხლები, ვიცით, რომ ბედუკაძე საერთოდ დაუსჯელი გაუშვეს. ასეთ საკითხებზეა აქცენტი. ასევე იმაზე, რომ დამოუკიდებელი ორგანო უნდა შეიქმნას ასეთი ფაქტების გამოსაძიებლად და ეს გამოძიებები უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. ყველა ამ საკითხზე, საქართველოს მთავრობას დაფიქრებით უნდა წაეკითხა მოხსენება და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა", - აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ მოხსენების ცინიკურ დამახინჯებას და მცდელობას, რომ ეს გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური დევნის გასამართლებლად".

გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი თვალნათელი ეპიზოდი "პოლიტიკურად მოტივირებული ოლიგარქის დაკვეთილი დევნის", რომელიც ნაკარნახევია სხვა საკითხებში ხელისუფლების უუნარობით.

"რაც ნაკარნახევია იმით, რომ მთავარი და ეფექტური ოპოზიციური ძალის ნაციონალური მოძრაობის განადგურება მათთვის პრიორიტეტია, რაც ნაკარნახევია, მათივე აღიარებით, მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აქტიურობით. ეს არის კიდევ ერთი ფურცელი, რომელიც მათ ვერ მოუტანს სასურველ შედეგს, მაგრამ აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას და ქვეყნის რეპუტაციას", - თქვა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი". ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში პირველად დასკვნას წარმოადგენს, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების – ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე". აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ 24 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების, რაც შეიძლება სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად კვალიფიცირდეს, გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო. გარდა ამისა, გაერო უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გასული წლების გახმაურებული საქმეები (მითითებულია 2006 წლის არეულობა თბილისის მე-5 საპყრობილეში, გლდანის ციხეში პატიმრებთან არასათანადო მოპყრობა, სხვა ციხეებში მომხდარი დარღვევები, ასევე 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დაშლა და სხვა ფაქტები), ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული. 

კომენტარები