ერეკლე კოდუას ინტერვიუ

კოდუა: პატარკაციშვილმა 4 ადამიანი დამისახელა, ვისი ლიკვიდაციაც უნდა მომხდარიყო

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას ლონდონში ყოფნისას 4 ადამიანის ვინაობა დაუსახელა, ვისი ლიკვიდაციაც უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, მათ შორის ერთ-ერთი გოგა ხაინდრავაა. აღნიშნული მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

ჟურნალისტმა ჰკითხა - "ბადრი პატარკაციშვილმა თქვენ გითხრათ, რომ უნდა მომკვდარიყო 4 ადამიანი, რაც დაბრალდებოდა ხელისუფლებას, რასაც მოჰყვებოდა მასობრივი მღელვარება, სახელმწიფო გადატრიალება?"

კოდუამ უპასუხა - "4 ადამიანია მოსაკლავიო. ისეთებს გეტყვიო - ამ ადამიანების სიკვდილის შემდეგ აუცილებლად ბუნტი დაიწყებაო. 100%-იანი ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ჩემი გუნდის წევრებზე მაქვს ლაპარაკიო. რომ მერე მე ვთქვა, აი, ნახეთ, რას მიშვრებიან. აი, ნახეთ, რა ქნეს. ესენი ხალხს ხოცავენო. ჩვეულებრივად, ვიღაცამ ესროლოსო. ამას მე ბოლომდე გავიტან და ხალხს ავაბუნტებო.

ერთი ადამიანი პირდაპირ და დაუფიქრებლად მითხრა - გოგა ხაინდრავა. ძალიან გამიკვირდა. ერთი - ეს ადამიანიო. დანარჩენ 3 ადამიანზე უკვე მომაწოდებდა სიას. მისი გუნდის წევრებს ეტყობა, იცილებდა, არ ვიცი, რატომ. შეიძლება, ისეთი ხალხი ამოირჩია, რომ 100% დარწმუნებული ყოფილიყო საზოგადოება, რომ ეს ამათმა[ხელისუფლებამ] გააკეთეს და ნახე, რას გვიშვრებიან. აპირებდა კიდევ უფრო მეტი მღელვარების მომატებას".

სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას თქმით, მისი და ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერი პროკურატურაში ინახება და უწყებამ აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ამ საუბრის სრული ვერსია, თუკი ძალოვან უწყებას უნდა, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.

კომენტარები