მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: პუტინი ჩემი დაპატიმრების ბრძანებაზე კარგ საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. კომენტარი მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისცა. მისი თქმით, "აგვისტოს ომის წლისთავის წინ უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება". სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს.

"რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს, როგორც ჩანს, ყველაფრის კეთება უყვართ ივლის-აგვისტოში, როცა დასავლელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, შვებულებას იღებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, დღეს დილიდან უკვე დამირეკა რამდენიმე სენატორმა ამ საკითხზე, ასევე ორი ევროპული ქვეყნის ლიდერმა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, რაც ტრადიციულად ამ ხალხთან ჩემი საუბრის თემა იყო, მიხდება ერთი რუსი ოლიგარქის აკვიატებებსა და ბოღმებზე, ასევე იმაზე საუბარი, რომ მისი ინტერესი მთლიანად დაემთხვა ამ შემთხვევაში პუტინის ინტერესებს. ივანიშვილი არის გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი და აგვისტოს ომის წლისთავის წინ უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება. მე პირველად დამაპატიმრა საბჭოთა კავშირის კგბ-მ უნივერსიტეტის პირველ კურსზე პოლიტიკური საქმიანობისთვის და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. შემდეგ იანუკოვიჩმა გამომაცხადა პერსონა ნონ-გრატად გასული წლის დეკემბერში და ორ თვეში იანუკოვიჩი იქცა საერთაშორისო ძებნილად. პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და მთლად კარგად არ აქვს საქმე. ის ხალხი, ვინც ბრძანება გასცა დღეს, მე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, მათაც ისევე მოევლებათ, როგორც იანუკოვიჩს და სხვა მოკავშირეებს.

მაგრამ ასევე მინდა, შეიქმნას იურისტების ჯგუფი, რომელიც "დაადოკუმენტირებს" არა მხოლოდ ბრძანების გამცემების, არამედ მოსამართლის, ყველა პროკურორის ქმედებას. ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს შურისძიებისთვის, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინაში გარკვეული სამართლებრივი ქმედებები განხორციელდა მათ მიმართ, ვინც ლუცენკო, ტიმოშენკო და სხვები უკანონოდ დააპატიმრეს. საქართველოს მომავალში ეს მასალები გამოადგება. მე ვთქვი და ვიმეორებ ახლა - ნამდვილად არ ვაპირებ, რომ გამოვცხადდე გაზპრომის აქციონერის მიერ კონტროლირებადი პროკურატურის გამოძახებასა და დაბარებაზე, და ვიქნები ძალიან შორს, როდესაც ისინი დამიბარებენ, მაგრამ ვიქნები ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მომიხმობს",- თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა.

საქმეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები