ერეკლე კოდუას ინტერვიუ

ჩარკვიანი კოდუას შესახებ: აეროპორტში შემხვდა ის და პატარა საგანი გადმომცა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გელა ჩარკვიანი ადასტურებს, რომ მან სპეცსამსახურებს ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის საუბრის ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანაში დახმარება გაუწია.

გელა ჩარკვიანი დეტალებს იხსენებს: "სახლში დამირეკეს და მთხოვეს, საელჩოში მივსულიყავი, სპეცკავშირით დამკავშირდებოდნენ. იქ როცა მივედი, პრემიერმინისტრი დამიკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო, ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ასაკვირველია, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება. მათაც შეუძლიათ ეს საზღვარზე გადმოიტანონ, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება. იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ. აეროპორტში შემხვდა ის და პატარა საგანი გადმომცა. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლს-მეთქი და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობა-მეთქი, მაგრამ სწორი იყო, ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე პატარა საგანი ისევ გადავეცი“.

სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თბილისში ფარული ჩანაწერი მაშინდელი ელჩის მონაწილეობით ჩამოიტანა.

კომენტარები