თბილისის მერია

ნარმანია მერიაში რეორგანიზაციას და თანამშრომელთა ატესტაციას გეგმავს

თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს. ამის შესახებ ნარმანიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"პირველ რიგში რასაც განვახორციელებთ, ეს იქნება ძალიან მსხვილი სამსახურის გაყოფა. ესაა სამსახური, სადაც გაერთიანებულია სოციალური დაცვა, ჯანმრთელობა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. იმისთვის, რომ ეს სამსახური უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული იყოს, ის გაიყოფა სამ სამსახურად და მე მომდევნო კვირას წარვადგენ ამის თაობაზე კონკრეტულ არგუმენტაციას და დასაბუთებას თბილისის საკრებულოში. რა თქმა უნდა, სხვა ცვლილებებიც იქნება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი განმარტებით, ამის პარალელურად მერიის სტრუქტურის სიღრმისეული შესწავლა გაგრძელდება.

"თუკი სადმე ზედმეტი რგოლი გამოიკვეთება ან პირიქით, რომელიმე მიმართულების გაფართოება იქნება საჭირო, ასეთი ცვლილებები მოხდება. მე მინდა, ძალიან ძლიერი ანალიტიკური სამსახური, პროექტებსა და განვითარებაზე მომუშავე სამსახური გვქონდეს მერიაში, რომ ჩვენ შევთავაზოთ ინვესტორებს მზა პროექტები და არ ვიყოთ მათზე დამოკიდებული", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, თბილისის მერი თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებასაც გეგმავს.

"პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ატესტაციის წესი. ჩვენ ამ ატესტაციისთვისაც მზად ვიქნებით. მას დადგენილ ვადებში ჩავატარებთ, ეს კი გულისხმობს პერსონალის გარკვეულ გადახალისებას", - აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები