ამბასადორიალი 2014

პრეზიდენტი: უელსის სამიტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ ერთმნიშვნელოვან დაფასებას

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა - ამბასადორიალზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა უელსის სამიტზე საქართველოს მიღწევების დაფასების იმედიც გამოთქვა. მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც, მისი თქმით, პარაფირებიდან რეკორდულ დროში მოეწერა ხელი, ქვეყნის მომავალზე დიდი ხნის განმავლობაში მოახდენს გავლენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკრაინაში 2014 წელს მომხდარ პროცესს უყურებს, როგორც 2008 წლის საქართველოს მოვლენების უშუალო გაგრძელებას.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა და ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია, დალაგება და მშვიდობის ჭრილში გადატანა.

ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ უმნიშვნელოვანესწილად ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან. ამ ურთიერთობებზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან, სადაც ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვახორციელებთ. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთთან ურთიერთობა მშვიდობიან, კონსტრუქციულ ჭრილში გადაიტანოს, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რეალურად შეიცვალოს პარადიგმა პრივილეგირებული სფეროების და გადავიდეს ურთიერთობება თანამშრომლობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონალური თანამშრომლობის ჭრილში.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს პოზიცია არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების პოზიცია, ეს პოზიცია არის ის, რომელიც აქტიურად უნდა გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს ჩვენ შორის ჩართვა კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველომ აჩვენა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობება უნდა, მაგრამ ამოსავალი ამ ურთიერთობისა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა უელსის სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სათანადოდ დაფასდება საქართველოს სწრაფვა NATO-სკენ და მისი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

”უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც მუშაობს ევროპაში, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ჩართულები ვართ როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირის მისიებში და აქტიურად ვმონწილეობთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ამ უსაფრთხოების სისტემების ნაწილი და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვსარგებლობთ ამ, ასე ვთქვათ, სერვისით და არა ვართ მათში ჩართული.

აქ მე მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მნიშვნელობა უელსის სამიტისა, რომელზეც ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილნი სექტემბრის დასაწყისში და ხაზი გავუსვა იმას, რომ უელსის სამიტისთვის მზადება უნდა იყოს ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიის მიზანი და როლი. სწორედ უელსის სამიტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან და ერთმნიშვნელოვან დაფასებას, აღიარებას, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში ჩართულობისა და ჩვენი სწრაფვისა NATO-ში ინტეგრაციისკენ.

დასასრულ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ტრადიციული მუშაობა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით, ჩვენი სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ბუნებრივია, მუდმივ ყურადღებასა და მუშაობას მოითხოვს. და ბუნებრივია, ეს ხორციელდება ყველა ქვეყანაში, სადაც ჩვენ დიპლომატიურ საქმიანობას ვახორციელებთ. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ არაღიარების პოლიტიკით ჩვენ არ ვახორციელებთ რაიმე ტიპის იზოლაციონიზმს, არამედ პირიქით, ვზრუნავთ, ვდარდობთ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ყველა პროექტი, ჰუმანიტარული პროექტი, რომელშიც შესაძლებლობას გვაძლევენ, რომ ჩავერთოთ, მნიშვნელოვანია და ჩვენ ვახორციელებთ ნაბიჯებს.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მუდმივი გულისყურით თვალის დევნება იმ პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს საზღვრების გავლებასთან დაკავშირებით, ხელოვნური საზღვრების გავლებასთან დაკავშირებით და ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური და აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

კომენტარები