ამბასადორიალი 2014

პრემიერი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: Irakli Garibashvili Official

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა - ამბასადორიალზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის წინსვლისთვის განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, შევეხო რეფორმებს, რომლებიც ხორციელდება ეკონომიკური ვითარების გასაჯანსაღებლად. ამ რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ქვეყნის განვითარება, თავისუფალი და ღია ეკონომიკა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველომ 22-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე ვართ. 2014 წლის 6 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველოში უკვე მოქმედებს რამდენიმე ფონდი, რომელთა მიზანია, გაზარდონ ინვესტორების დაინტერესება, ხელი შეუწყონ მათ და შესთავაზონ კონკრეტული პროექტები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

"საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და მთელ რიგ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს წარმოების წასახალისებლად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმოების ხელშეწყობა და წახალისება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. იცით, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოში. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ხარისხიანი ქართული პროდუქციის გაჩენას, დაეხმარება მეწარმეებს ახალი საწარმოების შექმნაში, სახელმწიფოს დახმარებით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ქართული სოფლის აღორძინებისათვის განახორციელა უპრეცედენტო რეფორმები, გასულ წელს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იქნა ინვესტირებული სოფლის მეურნეობის სექტორის აღსაღორძინებლად. მიგვაჩნია, რომ სოფლის სიძლიერე ქვეყნის სიძლიერის საწინდარია", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანი ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნაა.

"მინდა, მოგახსენოთ, რომ სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ სოფლის მეურნეობა ჩვენს მთავარ მიმართულებად და ამ ორი წლის განმავლობაში მართლაც რომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ კუთხით", - თქვა პრემიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები