მიხეილ სააკაშვილის საქმე

ჯაფარიძე: ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს. მისი თქმით, პრემიერის ნათქვამი, რომ აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემას არ გამოიწვევს, "აჩვენებს, რამდენად ინფანტილური დამოკიდებულება და ინფანტილური ხედვები აქვს ჩვენს პრემიერს".

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ ვაშენებთ ნამდვილ დემოკრატიას და დასავლური ტიპის დემოკრატიას, განცხადებები ამასთან დაკავშირებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პიროვნულად ფლობს და მართავს ერთი რუსი ოლიგარქი, უბრალოდ, უტიფარი ცინიზმია და მეტი არაფერი. რაც შეეხება პრობლემებს და პრემიერის ხედვას, რომ არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, იქნება ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია თუ სხვა ტიპის პრობლემები, ეს უბრალოდ, აჩვენებს, რამდენად ინფანტილური დამოკიდებულება და ინფანტილური ხედვები აქვს ჩვენს პრემიერს. ჩვენ პრობლემები გვექნება. მათ შორის, პრობლემები გვექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრობლემები გვექნება, მათ შორის, ეკონომიკასთან დაკავშირებით", - თქვა ჯაფარიძემ.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თქვა, რომ "თუ ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება დაცული, მაშინ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა". მისივე თქმით, დაუსჯელობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ "ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი".

"საჭიროა, ყველანი გამოძიების საბოლოო შედეგებს დაველოდოთ და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინოს ამა თუ იმ პირის დანაშაული. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პროცესის გამჭვირვალობას და გახსნილობას. ჩვენ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის მშენებლობა დავიწყეთ, ვართ სუვერენული სახელმწიფო, გვსურს ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, როგორიც არის თანამედროვე, განვითარებული ევროპული სახელმწიფო. თუ ვაცხადებთ, რომ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება დაცული, მაშინ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ეს არის სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა, დაუსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ქვეყანაში. ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მთავარი მოწოდება, რომ საქართველოში დასრულდეს დაუსჯელობა და ერთხელ და სამუდამოდ ყველა კანონის წინაშე იყოს თანასწორი. მინდა მოგიწოდოთ ყველას, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, არის სრული აბსურდი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას, ეს არის ყველაზე მთავარი. ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და ყველაფერი ჯერჯერობით წინ არის. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას", - თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები