მიხეილ სააკაშვილის საქმე

ადვოკატები: სააკაშვილის საქმე ოქრუაშვილისა და ბურჯანაძის ჩვენებას ეფუძნება

ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურორის განცხადებით, მერაბიშვილმა უარი თქვა ბრალის გაცნობასა და მის ჩაბარებაზე. ბრალის ოფიციალურ წარდგენას მერაბიშვილის ადვოკატები ესწრებოდნენ. პროკურორის განცხადებით, მერაბიშვილი და სააკაშვილი უშუალო შეხებაში იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც მაშინ მაღალი თანამდებობის პირი იყო და სწორედ ოქრუაშვილი იძლევა მათ წინააღმდეგ ჩვენებას.

ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კი განმარტავენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება, გარდა ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის ჩვენებებისა, არ არის.

"ჩვენ ვნახეთ ამ საქმეში "ტაბელური" მოწმეები, მე მათ დავარქვი ტაბელური იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთსა და იმავე მოწმეებს ხმარობს პროკურატურა ბოლო მინიმუმ ექვს საქმეში, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში. ეს მოწმეები გახლავთ ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი. ბურჯანაძე რომელიც იმ პერიოდში გამოდიოდა და ამბობდა, რომ არ შეიძლება ვალერი გელაშვილის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები ხელისუფლებას დაბრალდეს, დღეს ვხედავთ, რომ ის არათუ ფლობდა, არამედ განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელიც იყო", - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქმეში სპეცრაზმელების ჩვენებაც კი არ არის.

"ბრალის დადგენილების მიხედვით, სააკაშვილმა დაავალა მერაბიშვილს რაღაც მოქმედება, მერაბიშვილმა კოდუას დაავალა რაღაც მოქმედება და კოდუამ სპეცრაზმელებს რაღაც მოქმედება. საინტერესო ის არის, რომ კოდუამ რომ დაავალა სპეცრაზმელებს, ესეც კი არ არის საქმეში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. კოდუას ჩვენება არ მიუცია მერაბიშვილის წინააღმდეგ და მერაბიშვილს სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს საქმე ეფუძნება ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ოქრუაშვილს. ნინო ბურჯანაძე რაღაცას თხზავს, მორიგს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

კომენტარები