ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება

პეტრიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ

0 კომენტარი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მოახლოებულ უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით "შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული".

"მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოახლოებულ უელსის სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და თავდაცვისუნარიანობა განმტკიცებული", - თქვა პეტრიაშვილმა.

NATO-ს რუსეთთან თანამშრომლობის მცდელობებს ამ უკანასკნელმა მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების გაღვივებით უპასუხა, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი The Financial Times-ში გამოქვეყნებულ წერილში. NATO-ს გენერალური მდივანი ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს და წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისაკენ მოუწოდებს.

"NATO არ არის ინდივიდუალური აქტორი. ეს 28 სუვერენული ერის ალიანსია და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ამას ხანდახან შეიძლება დრო დასჭირდეს ან ფრუსტრაციის მიზეზი გახდეს, მაგრამ ერთად გაცილებით ძლიერი ვართ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი იქნებოდა ცალ-ცალკე. დღეს, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, ყველა წევრისგან მოველი, მეტი გააკეთოს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის.

კომუნიზმის დამხობის შემდეგ, NATO-ს ძალისხმევა არ დაუშურებია მოსკოვის ჩართულობისთვის, სთავაზობდა მას უფრო ახლო თანამშრომლობას, საკითხების იმაზე ფართო წრის გარშემო, ვიდრე რომელიმე სხვა არაწევრ ქვეყანას, მიისწრაფოდა სტრატეგიული პარტნიორებისკენ. რუსეთის პასუხი იყო კანონების წიგნის დახევა, კონფლიქტების გაღვივებით მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, მან გამოწვევის წინაშე დააყენა კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკავშირდებიან მალაიზიური ავიახაზების MH17 ტრაგიკულ დანაკარგს. ქცევის ამ მოდელმა ჩვენი მსოფლიო უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად ადგილად აქცია", - წერს NATO-ს გენერალური მდივანი.

რასმუსენს მიაჩნია, რომ ალიანსი შორს იყო პასიურობისგან რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობისას და ამის მაგალითად რუსეთთან პრაქტიკული სახის თანამშრომლობის გაწყვეტა, უკრაინასთან თანამშრომლობის გაზრდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამანადგურებლების რაოდენობის გაორმაგება, პოლონეთსა და რუმინეთში დაზვერვითი ფრენების დაწყება, ასევე რეგიონში ჩატარებული წვრთნები მოჰყავს. ამასთან, რასმუსენი იმასაც აღნიშნავს, რომ ალიანსმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, მათ შორის, გენერალური მდივანი თავდაცვის ხარჯების გაზრდას ასახელებს:

"მზადყოფნას სჭირდება რესურსები და ძლიერი პოლიტიკური ნება. გასული ხუთი წლის მანძილზე, NATO-ს წევრებმა საშუალოდ 20%-ით შეამცირეს თავდაცვის ხარჯები. რუსეთმა გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი 50%-ით. მაშინ, როდესაც აშშ-მა და ზოგიერთმა ევროპელმა წევრმა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, დანარჩენებმა მეტი უნდა გააკეთონ. სანამ ჩვენი ეკონომიკები გაჯანსაღებას იწყებენ, თავდაცვაზე ხარჯების შემცირების ტენდენცია უნდა შემოვატრიალოთ. მე ველი, რომ უელსის სამიტი აჩვენებს - ჩვენ მზად ვართ, მეტი ფული ჩავდოთ, რომ ჩვენი თავდაცვა ძლიერი იყოს", - წერს რასმუსენი.

NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ სექტემბერში დაგეგმილ უელსის სამიტზე ალიანსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს, რათა "კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი გახდეს":

"ყურადღებით ვსწავლობთ, რა იქნება თავდაცვის ძალების განლაგების საუკეთესო გზა. განვიხილავთ გაძლიერების ზომებს, მათ შორის, აღჭურვილობისა და მარაგების წინასწარ განლაგებას. ჩვენ გადავხედავთ ჩვენს თავდაცვით გეგმებს, საფრთხეების შეფასებას, სადაზვერვო შეთანხმებებს, გამაფრთხილებელ პროცედურებსა და კრიზისის გამკლავების გეგმებს. ასევე ვავითარებთ წვრთნების ახალ განრიგს, მეტ ადგილზე, რომ მოვიცვათ თავდაცვის მეტი ფორმა, ვიდრე ოდესმე მანამდე ... რუსეთის მოქმედებების იგნორირება არ შეიძლება. ცივი ომის შემდგომი წესრიგი საფრთხეშია. ამრიგად, NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ოდესმე. უელსში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საქმის გაკეთებას ვაპირებთ", - წერს რასმუსენი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები