სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მოსკოვი საპასუხო სანქციებს აწესებს

რუსეთის პრეზიდენტი საპასუხო სანქციებს აწესებს - ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, იკრძალება ან იზღუდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი იმ ქვენებიდან, რომელთაც რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესეს.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ამ ზომებს ერთი წლის განმავლობაში მიმართავს, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დასახელებული ვადები შეიცვალოს.

სახელმწიფო უწყებებს, ბაზარზე პროდუქტების მზარდი ფასის კონტროლთან ერთად, იმ პროდუქტების სიის შემუშავება დაევალათ, რომელთაც სანქცია შეეხებათ.

ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული ქვეყნები, რომელთაც გადაწყვეტილება შეეხებათ, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსი მოხელეებისა და რამდენიმე რუსული კომპანიის, ასევე ბანკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს ევროკავშირმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ. რუსეთის პრემიერმინისტრმა აღიარა, რომ სანქციები ქვეყანას მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს და ბიუჯეტის შევსებას გადასახადების გაზრდა დასჭირდება.

BBC-ის ცნობით, რუსეთი ევროკავშირისგან წლიურად 2 მილიარდი ევროს ღირებულების ხილსა და ბოსტნეულს შეისყიდის.

კომენტარები