მაღალჩინოსანთა საქმეები

ფანჯიკიძე: კარლ ბილდტის განცხადება არ არის მთლად კორექტული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ მისი შვედი კოლეგის კარლ ბილდტის უკანასკნელი განცხადება „მთლად კორექტული არ არის". მაია ფანჯიკიძის თქმით, ესეც გარკვეული ზეწოლაა სასამართლოსა და მთლიანად პროცესზე:

„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ არის მთლად კორექტული, რადგანაც თუ ერთის მხრივ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მეორეს მხრივ, არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესებს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის, რა იქნება ის საბოლოო წერტილი, სადამდეც მივა ეს პროცესები, უკვე ანიჭებს კვალიფიკაციას, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს, ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და მთელს პროცესზე", - ამბობს მაია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, უზრუნველყოს ის, რომ კანონზე მაღლა არავინ იდგეს და, ამასთან, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე გამოეხმაურა:

"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერს ბილდტი.

კომენტარები