2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

პეტრიაშვილი ომზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ხელახალი ესკალაცია

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ამბობს, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელახალი ესკალაცია".

"2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც გრძელდება დღემდე, ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ მოხდა აცილება თავიდან საომარი მოქმედებების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელახალი ესკალაცია და საქართველომ განახორციელოს თავისი უმთავრესი მიზნები - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის აღდგენა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრირება, როგორც დამოუკიდებელმა თავისუფალმა სახელმწიფომ", - თქვა პეტრიაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

სამხედრო კონფრონტაცია რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება კოდორის ხეობის გარშემო აპრილიდან დაიძაბა. მოსკოვმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო. ამას სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა, რომლებმაც სოხუმიდან ოჩამჩირემდე ლიანდაგის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები დაიწყეს. მათი დასრულებისთანავე, ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა.

სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს.

ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ უკან დაიხია. კონფლიქტი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა, დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. საცხოვრებელი ადგილი 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 ათასი დევნილად რჩება.

კომენტარები