საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მმართველებთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა

ქართული ოცნების მთავრობაში ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიჩნეულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მმართველ რგოლთან შრომითი ხელშეკრულებები გაწყვიტეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტი ექვემდებარება, ტაბულასთან საუბარში თანამშრომლების საკუთარი ნებით წასვლის შესახებ საუბრობს და მათი გათავისუფლების საფუძვლად ურთიერთშეთანხმებას ასახელებს. სატელეფონო საუბარში თალაკვაძე დეპარტამენტის და სამმართველოების ხელმძღვანელებს რიგით თანამშრომლებს უწოდებს და, ამასთან, იგი ვერ იხსენებს, საკადრო ცვლილებები რა რანგის მოხელეებს შეეხო.

საქმე ის არის, რომ თავად გაიოზ თალაკვაძე აწერს ხელს ბრძანებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, მოადგილეს და, ასევე სამმართველოების ხელმძღვანელებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ. ამავე ბრძანებით, თალაკვაძის ხელმოწერით ხელშეკრულებების შეწყვეტასთან ერთად მათზე პრემიები გაიცა.

ტაბულასთან სატელეფონო საუბარში საწინააღმდეგოს ამტკიცებს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რუსუდან გოგოლაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში კი საკადრო ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირებს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე იყო ორიენტირებული.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მოადგილისა და სამმართველობის უფროსების ცვლილებას ზარალის მართვაში არსებულ ხარვეზებს უკავშირებს.

კომენტარები