ჩიხურა - ნეფთჩი

ფრუიძე: ჩიხურა აჩვენებს ისეთ თამაშს, რომელიც შედეგს მოგვიტანს

sportbox.az
დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და ბაქოს ნეფთჩი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამ გუნდებმა ბაქოში, ფრედ - 0:0 ითამაშეს.
 
აზერბაიჯანული Azerisport.com საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელის, სამსონ ფრუიძის კომენტარს აქვეყნებს. სპეციალისტის თქმით, შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაში ჩიხურამ განსხვავებული სტილით ითამაშოს.
 
"ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი თამაშია, განსაკუთრებულად არ ვემზადებით. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მიკროტრავმები აწუხებთ. მოკლე სკამს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ გაგვიჭირდება. შესაძლოა ღრმად, დაცვიდან არ ვითამაშოთ. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მეტოქე", - განაცხადა სამსონ ფრუიძემ.
 
პირველი მატჩის შემდეგ, ნეფთჩის ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ ევროპული ფეხბურთი აჩვენეს, ჩიხურამ კი - ჩაკეტილი. ბაქოელთა მთავარმა მწვრთნელმა კი გუშინ თქვა, რომ საჩხერელებს ახალ ტაქტიკას შესთავაზებს. ფრუიძემ კომენტარი ამ თემებზეც გააკეთა:
 
"თუ მათ უნდათ გვაჩვენონ შოუ, მოიქცნენ ასე. ვნახოთ, როგორ შოუს შემოგვთავაზებენ. ჩვენ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელიც შედეგს მოგვიტანს. რაც შეეხება ჩაკეტილ ფეხბურთს, ეს ის არის, რასაც კარგად ვაკეთებთ. ევროპაშიც არის ქვეყნები, სადაც ასეთი სტილით თამაშობენ", - განაცხადა სამსონ ფრუიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს მატჩი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.
 

კომენტარები